ფასილიტაცია და მედიაცია
Resolve ის დამფუძნებლები, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ფასილიტატორები და აკრედიტებული მედიატორები, თავად ვერთვებით და ვუძღვებით მოლაპარაკებების პროცესს. ჩვენ ასევე გაგიწევთ კონსულტაციას, თუ რომელი პროცესია თქვენს საჭიროებებზე მეტად მორგებული.
ფასილიტაცია და მედიაცია მხარეთა შორის მოლაპარაკების ეფექტიანად და სტრუქტურირებულად წარმართვის ხელშემწყობი პროცესებია. აღნიშნული პროცესები კონსტრუქციულ დიალოგსა და მხარეთათვის საუკეთესო, მათი ინტერესების შესაბამისი გამოსავლის ძიებას უწყობს ხელს.
ორივე პროცესი მოქნილია და ერგება მხარეების საჭიროებას. პროცესების ზოგადი პრინციპები და ვადები რეგულირდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფასილიტაციისა და მედიაციის წესებით, მედიაციის შემთხვევაში კი, დამატებით „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით. ფასილიტატორის და მედიატორის ჰონორარიც ანაზღაურდება შესაბამისი წესებით განსაზღვრული ოდენობით.
- ფასილიტაცია - პროცესი, როდესაც მოლაპარაკების და კონსტრუქციული დისკუსიის წარმართვაში დაგეხმარებათ ფასილიტატორი.
ფასილიტატორის ჩართულობა რეკომენდირებულია, როდესაც მხარეებს შორის (ჯერ) არ არსებობს დავა ან კონფლიქტი, ე.ი. მხარეები არ არიან ურთიერთდაპირისპირებული; თუმცა მხარეები ათვითცნობიერებენ სიტუაციის სირთულეს და აქედან გამომდინარე მოლაპარაკების ან დისკუსიის წარმართვის, ურთიერთობების ადაპტაციის და გამოსავლის ძიების საჭიროებას. ამ პროცესში მესამე ნეიტრალური პირი - ფასილიტატორი - დაეხმარება მხარეებს, რომ მათ ეფექტიანად გამოიყენონ დრო და არსებული რესურსები, მათი დიალოგი იყოს კონსტრუქციული, დისკუსია კი - ნაყოფიერი და გამოსავალზე ფოკუსირებული. პროცესი წარიმართება მხარეთა შორის შეთანხმებული ან Reslove-ის მიერ დადგენილი ფასილიტაციის წესების შესაბამისად; მხარეთა მოლაპარაკების ან დისკუსიის შედეგი შეიძლება იყოს მხარეთა შეთანხმება, სამოქმედო გეგმა ან სხვა სახის ან სახელწოდების დოკუმენტი, რომელიც ასახავს მოლაპარაკების შედეგს.
- მედიაცია - პროცესი, როდესაც მხარეებს შორის არსებული დავის მოგვარების მიზნით მოლაპარაკების წარმართვაში დაგეხმარებათ აკრედიტებული მედიატორი.
დავის მედიაციისთვის გადაცემა მიზანშეწონილია როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობა იმგვარად არის დაძაბული, რომ ხდება პოზიციების დაპირისპირება, ადგილი აქვს ურთიერთბრალდებებს ან სამართლებრივი არგუმენტების ურთიერთ-წაყენებას. მედიატორი ეხმარება მხარეებს გამონახონ ისეთი გამოსავალი, რომელიც ყოველი მხარისათვის მისაღები იქნება და ხელს შეუწყობს მათ შორის არსებული დავა მოაგვარონ სწრაფად, ურთიერთშეთანხმებით. პროცესი წარიმართება მხარეთა მიერ შეთანხმებული ან Reslove-ის მედიაციის წესებისა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აკრედიტებული მედიატორის ხელშეწყობით წარმართული მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება (სამედიაციო მორიგება) შეიძლება დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.